სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის ორგანიზატორები, სტუ-სთან ერთად, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი არიან.
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე; მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი; გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი; ,,რიჩ მეტალს გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა; თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ქუთელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ მაღალაშვილი.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობასა და საერთაშორისო კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.
პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, კონფერენცია ეძღვნება გეოლოგიის დარგის და სამთო საქმის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს, გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსებს - მტკნარი, მინერალური და თერმული, მათ რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას.
ასევე, ნარჩენების მართვას, დიდი სამთო და გეოლოგიური საწარმოების საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, აგრეთვე მნიშვნელოვანია სამთო საქმის და გეოლოგიის დარგებში დაგროვილი საკითხები, პრობლემები და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი რესურსული პოლიტიკა, რომელიც სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოცდილებასა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლეს მიღწევებს ეფუძნება.
შეთავაზებული რეკომენდაციები კი ეხება რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სამთო-გეოლოგიური დარგის გაძლიერება და განვითარებაა.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სამთო-გეოლოგიურ დარგს უდიდესი როლი აკისრია. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, განვიხილოთ არსებული პრობლემები, დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები, ვიმსჯელოთ ახალ ტექნოლოგიებსა და იმ სასწავლო პროცესზე, რომელიც უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარეობს.
სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. თუმცა, 2024/25 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულ აპლიკანტთა რაოდენობა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა გადაიჭრება და დარგს ეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები. ჩვენ ამ წარმატებას, „არემჯისთან“ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდით.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორი, ჩვენი ქვეყნის ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“. ჩვენი სტუდენტები ამ კომპანიებში გადიან საწარმოო პრაქტიკას და წარმატებით საქმდებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აუმჯობესებს სასწავლო გარემოს, რისი დასტურიც კერძო სექტორის მხრიდან მზარდი ინტერესია. უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია იქნება მომავალი საინტერესო პროექტების დასაწყისი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღი და ამავდროულად, იმედის დღე, რომ საქართველო ღირსებით, წინსვლითა და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს დროებით დაკარგულ ტერიტორიას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა კონფერენცია, სადაც მკვლევრები ჩემთვის და ყველა სამთოელისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
ცოტა ხნის წინ კოლეგებმა მაჩვენეს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტომასალა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, არამც თუ სამთოელი, რომელიც ამ ფოტოებს მშვიდად დაათვალიერებდა. განადგურებულია ადგილი, სადაც ჩვენი და ჩვენი პედაგოგების დიდი შრომაა ჩადებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, დღევანდელ კონფერენციის მსვლელობაში და ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები. სასიხარულოა, რომ მათი დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ეს მაძლევს საშუალებას აღვნიშნო - ძალიან მალე დადგება დრო და ჩვენ ერთად ავაღორძინებთ აფხაზეთს, ტყვარჩელს”, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა. მომხსენებლებმა იმსჯელეს სამთო-გეოლოგიური დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციებისა და ნაგებობების ელექტროქიმიური კოროზიისგან დაცვა; ჭიათურის საბადოს ჟანგეულ-კარბონატული მადნის დახასიათება; ფეთქებადი „მოლეკულური ნაერთების“ კომპონენტთა შემცველობისა და აფეთქების უნარზე მათი გავლენის შესწავლა, მათი სინთეზი და მუშაუნარიანობის განსაზღვრა; ვერტიკალური ელექტრული ზონდირების ეფექტურობა საინჟინრო-გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტისას; შავი ზღვის აჭარის სექტორის მორფოდინამიკა და სტიქიური პროცესები; ფოთის სანაპირო ზონის დაცვის ღონისძიებები; პლასტიკური მასების დარტყმამედეგობის შეფასების საკითხები; ზღვის გარემოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპების მიმოხილვა; ლაქებიანი ტუფები - მადნის ძებნა-ძიების კრიტერიუმები და სხვ.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.