მენიუ
News

სტუ-ში, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 


ჰეგელის წლევანდელი საერთაშორისო კონგრესი საიუბილეოა და მისი დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. საქართველო პირველი სახელმწიფოა, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აღნიშნული მაღალი რანგის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი იმართება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი ფორუმის პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოდან. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, თემით - „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა.

2 (3).png

საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიო მასშტაბით კლასიკური გერმანული ფილოსოფიის 250-მდე გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარი, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორი კონგრესის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და სამეცნიერო ფორუმის დაფუძნების საიუბილეო თარიღი მიულოცა.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის საქართველოში ჩატარების ფაქტი უპრეცედენტო და რეზონანსულია და ზრდის, არა მხოლოდ, კვლევების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს, არამედ მასპინძელი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობებს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს პატივი უმასპინძლოს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც საიუბილეოა და ეძღვნება ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჰეგელის კონგრესი ტარდება. ჩვენს ქვეყანაში კონგრესის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ, რომელიც წარმოდგენილია ჰეგელის საზოგადოებისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით სხვადასხვა ქვეყნიდან. საბჭოს სხდომას, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში ჩატარდა, ვესწრებოდი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ მამუკა ბერიაშვილთან ერთად, რომელიც ამავდროულად, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია. დაგვეთანხმებით, მსგავსად მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმის ჩატარებას, სამეცნიერო შესაძლებლობებისა და გაწეულ დიდ შრომასთან ერთად, მორალური უფლებაც სჭირდება.

ამ სიტყვების დასტურად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული კლასიკური ფილოსოფიის და კერძოდ, ჰეგელის, როგორც მოაზროვნისადმი ინტერესი საქართველოს აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ყოველთვის მკაფიოდ იყო გამოხატული. არაერთი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი განისწავლა გერმანულ უნივერსიტეტებში ჰეგელის, კანტისა და სხვა მეცნიერთა ნააზრევზე.

სწორედ ისინი გახდნენ შემდგომ ქართული საუნივერსიტეტო სივრცის ფუძემდებლები - შალვა ნუცუბიძე, მოსე გოგიბერიძე,  კონსტანტინე ბაქრაძე და მრავალი სხვა. ადამიანის ყოფიერება, ქმნადობა, ცნება და თავისუფლების განხორციელების პირობები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართების პრობლემები, აზროვნების შემოქმედებითობა, საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესი, ჭეშმარიტებისა და შემეცნების საკითხები ქართველ მეცნიერთა მუდმივი განსჯის საგანი იყო. კონგრესის საქართველოში მასპინძლობას ქართული მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობის განვითარებისა და მის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად მოვიაზრებთ. 



მივესალმებით კონგრესის მონაწილეებს, მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს. წლევანდელი კონგრესის ფარგლებში, ჰეგელის ფილოსოფიის ისეთი ასპექტები იქნება განხილული, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს თეორიას, სუბიექტურობის ფილოსოფიას, რელიგიისა და სამართლის ფილოსოფიას და აღიარების თეორიას, რაც გარკვეულწილად წარმოდგენილია მნიშვნელოვან თანამედროვე სოციალურ თეორიებში, რომელთა ცნობილი ავტორები კონგრესის მთავარი მომხსენებლები არიან.

მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებას, მის პრეზიდენტს, პროფესორ მირიამ გერჰარდს, საზოგადოების საპატიო პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრებს. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით უპირობო ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

ეს ყოველივე ხელს უწყობს კვლევითი იდეების გენერირებას, თავისუფალი სამეცნიერო საზოგადოების ფორმირებას და პარალელურად, ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების შესაძლებლობებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, უქმნის მათ ძლიერ მოტივაციას, რომ კვლევების შედეგები საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს წარუდგინონ და პროექტებზე მუშაობა მათთან თანამშრომლობით გააგრძელონ.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის გახსნას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენი სამეცნიერო კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია.

დარწმუნებული ვართ, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის დღეები მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული იქნება - მრავალი საინტერესო შეხვედრა ჩატარდება, დავამყარებთ ახალი კონტაქტებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან, წამყვან უნივერსიტეტებთან, დავსახავთ ახალ გეგმებს და საფუძველს ჩავუყრით არაერთ ახალ წამოწყებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის და აქვს სრული მზაობა, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ანგარიშგასაწევ აქტორად ჩამოყალიბდეს, რაც თანამედროვე ქართული სამეცნიერო და აკადემიური სივრცის განვითარების საფუძველია. ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა კი ამ პერსპექტივას მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ

კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა მირიამ გერჰარდმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ, ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის პროფესორმა თეო კობუშმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნიკოლაუს ლარგიერმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფესორმა ბრედი ბოუვენმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრმა მამუკა ბერიაშვილმა. 

როგორც მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, ჰეგელის როგორც ფილოსოფოსის და მოაზროვნის მემკვიდრეობა, თავისი სააზროვნო სისტემების ფართო სპექტრით, აქტუალობით, რელევანტურობით და ღირებულებით, ფასდაუდებელია ახალი ცოდნის შესაქმნელად და განმსჭვალავს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებსაც. 

„აღნიშნულის დასტურია თუნდაც „სიკეთის იდეა“ და „აღიარების სოციალური თეორია“, რომელიც უშუალოდ მომდინარეობს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიიდან და დღემდე გამოიყენება როგორც თეორიული ჩარჩო სოციალური მოვლენების ანალიზისთვის - სოციალური თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის და თავისუფლების პოლიტიკური განხორციელების კონტექსტში. გარდა ამისა, ამ თეორიებით გამსჭვალულია დღევანდელობის ისეთი საკვანძო გამოწვევები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ეკოლოგია, გარემოს დაცვის ეთიკა, ბიოეთიკა და სხვა.

ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი კონგრესის ერთ-ერთ სექცია, ასევე, მოიცავს ჰეგელის კვლევას გერმანიის ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ ჰეგელის ნაშრომებსა და გერმანულ იდეალიზმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებიც იკვლევენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით. ვიმედოვნებთ, ჩვენი უნივერსიტეტი ამ მიმართულებითაც თავის წვლილს შეიტანს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეებში“, - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი 5 დღის განმავლობაში, 5 ოქტომბრის ჩათვლით, 8 სექციად იმუშავებს: სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები; სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში; აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი; სუბიექტი როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის; სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან; ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“; ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ; ბუნება VS კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში. კონგრესის მასალები ჰეგელის წელიწდეულში - Hegel-Jahrbuch-ში გამოქვეყნდება.

კონგრესის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე გაიმართება: სპეციალურად კონგრესის მონაწილეთათვის და მოწვეული სტუმრებისთვის, დღეს, ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სახელოვნებო ჯგუფების კონცერტი.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ჯაზური, ფოლკლორული და საესტრადო ხელოვნების ნიმუშები; 3 ოქტომბერს კი, გაიმართება პიანისტ, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის მუსიკალური შესრულება - „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“, რომელზეც ის წარადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრებს. 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.