საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის
საერთო სხდომა N10
ადგილი: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი და დრო: 2023 წელი, 3 ნოემბერი, 17:00 საათი
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
დღის წესრიგი:
1. უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები.
3. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაზიარება
4. რექტორების მიერ დასმული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უმაღლესი განათლების საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ამილახვარმა შეხვედრის ფარგლებში რექტორებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელა. მათ შორის, მონაწილეებმა განიხილეს უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვასთან, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასთან და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები.
რექტორთა საბჭოს შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კოორდინირებული მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს და სამომავლოდ განსახილველი საკითხები დაასახელეს.
შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ამილახვარმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ შალვა ჭკადუასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭოს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.
საკითხი 4 რექტორების მიერ დასმული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავჯდომარემ, ბატონმა დავით გურგენიძემ წამოაყენა ორი საკითხი განსახილველად:
1. ავტორიზებული კერძო უნივერსიტეტების: შპს „ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“, შპს თბილისის თავისუფალი აკადემია, შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი-ს, რექტორთა კონფერენციაში ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციაში გაწევრიანებას.
2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ლოგოს დამტკიცება. რექტორთა კონფერენციის წევრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ლოგოს მიღებას.
დასასრულს, ბატონმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი ამილახვარს, კონფერენციის წევრებს, მონაწილეებს და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ შალვა ჭკადუას მასპინძლობისთვის.
დავით გურგენიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავჯდომარე
კონსტანტინე ბასილაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი,
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსი
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.