მენიუ
სიახლეები

სტუ- ში ახალი, გარემოსდაცვითი პროექტი - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“ დაიწყო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის მესამე და მეოთხე სასწავლო კორპუსებს შორის არსებულ სკვერში გაიმართა, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით, სტუდენტებმა ამბრისა და სოფორას ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.

სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, გარემოსდაცვითმა პროექტმა - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აიღო სტარტი, ესტაფეტას კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემენ.

„კამპანიას, „სტუდენტები ერთად სიმწვანისათვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო, ერთჯერადი ხასიათი არ ექნება. ესაა ჩვენი, სტუდენტების სიტყვა ბუნების დასაცავად. პროექტში ჩაერთვება საქართველოში აკრედიტირებული ყველა უნივერსიტეტი, იმდენად რამდენადაც ის ერთგვარი გამოწვევაა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. მადლობა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზო ვასაძეს, რომელიც დიდი სიხარულით ჩაერთო პროექტში და ამბრისა და სოფორას ნერგები გვაჩუქა. ასევე, მადლობა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას (SOA) მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით ლეშკაშელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პროექტით საფუძველი ჩაეყარა ახალ გარემოსდაცვით კამპანიას, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.