მენიუ
სიახლეები

2023 წლის 6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2023 წლის 6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა - ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავჯდომარემ ნინო წილოსანმა, ორგანიზაციის წევრმა გრეტა წიწავამ და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ.

შეხვედრა ორ ეტაპად გაიმართა და ღონისძიების მონაწილეები პირველად უნივერსიტეტის ახალქალაქის რეაბილიტირებულ მეოთხე კორპუსს ეწვივნენ და მისი დათვალიერების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სჯსუ რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, შემდეგ მოისმინეს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების: ნინო კოპალაძისა და დიანა საჰარიანის პრეზენტაცია ნაადრევი ქორწინების შესახებ.

აუდიტორიას მიესალმნენ და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო და სამართლებრივ მექანიზმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა - ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავჯდომარემ ნინო წილოსანმა, პარლამენტარმა გრეტა წიწავამ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ.

შემდეგ კი ღონისძიება ახალციხეში სჯსუ პირველ კორპუსში გაგრძელდა, სადაც მოისმინეს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის ლიზი თევდორაშვილის პრეზენტაცია ქალთა ძალადობის თემაზე. თავიანთი აზრი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პარლამენტის დეპუტატებმა ახალციხეშიც დააფიქსირეს, პრეზენტაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ბეგაშვილმა წარმოადგინეს, შემდეგ კი დისკუსიაში აუდიტორია ჩაერთო და არაერთი კითხვა დაისვა, აზრი გამოითქვა მსმენელების მიერ.

ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიის ხელმძღვანელი პირებიც იღებდნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს.

კამპანიის მიზანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დამცველების თემის ირგვლივ ერთიან დისკუსიაში ჩართვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.