მენიუ
News

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია

აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დელეგაცია, პოლკოვნიკ ელი ლოზანოს ხელმძღვანელობით, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში კვლევისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაძლიერება.

დელეგაციას მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი,  პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციას, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას და თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიას. 

თსსუ-ის ახლადარჩეულმა რექტორმა (უფლებამოსილებას შეუდგება 2024 წლის 13 თებერვლიდან), პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციას კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მიმდინარე თერაპიულ სერვისებთან ერთად, კლინიკის დამხმარე საშუალებების ლაბორატორიების მუშაობის პროცესიც გააცნო. დელეგაციის წევრებმა, აგრეთვე დაათვალიერეს თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია.

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიზიტის დროს, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა საპატიო სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ემორი-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროების განვითარების მიმართულებით.

ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია, იმავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრებს თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად მათ დაათვალიერეს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის აკადემიური გარემო და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის, OSCE-ს მიმდინარეობის პროცესს დააკვირდნენ. ვიზიტორებს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ დაწვრილებით გააცნო პროგრამის სპეციფიკა, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო გეგმები. 

ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში გაეცნონ ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ  სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ კვლევებში. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლის კონცერტით დასრულდა.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.