საქართველოს ტექტიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ ემანუელ თესმელისს შეხვდა და მასთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა.
სტუ-სა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელოვან დოკუმენტებს მხარეები ხვალ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოაწერენ ხელს.
პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერტიმენტის ფაზა 2-ის განახლებას ეხება, ხოლო მეორე დოკუმენტი - CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაობს. ორივე მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
როგორც ემანუელ თესმელისმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ესპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა ჯგუფის საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას.
მისი თქმით, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის მე-2 მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმების ხელმოწერა, მათი ამოქმედება და CERN-ის სამომავლო გლობალურ სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთათვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
„CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერტიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი დეტექტორის ახლით ჩანაცვლებასაც.
განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის - HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევარები შეიტანენ.
რაც შეეხება მეორე, ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მემორანდუმს, ის ითვალისწინებს მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
გარდა ამისა, FCC კოლაბორაციისთვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები როგორც ამაჩქარებლის, ასევე, უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინრები, რომლებიც FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის - TDR-ის შექმნაზე მუშაობენ.
ორივე მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის მრავალწლიან სამეცნიერო კოლაბორაციას, რომლის ფარგლებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერებთან ერთად, არაერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მკვლევარს მიეცემა.
მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.