მენიუ
News

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში,  პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის  წოდება მიანიჭა.

აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს,  ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით  წარმატებული  კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით. 

„ვულოცავ ბატონ ვლადიმირს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, - განაცხადა რექტორმა. 

პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს. 

„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის.

ბედნიერი ვარ  ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს - მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით - „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით - „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.

მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა.

ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ. 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.