რექტორმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა და ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.
„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.
უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას.
ვიმედოვნებთ, სემეკ-ის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალი პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციას და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა რექტორმა.
სემეკ-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.
„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკოსების ჩამოყალიბების მიმართულებით. სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ინდუსტრიებს შორის ქმედითი კოოპერაციის აუცილებლობაზე იმ მიზნით, რომ სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდეს ახალგაზრდა კადრები და გაცილებით ეფექტიანად წარიმართოს კვლევითი საქმიანობა.
ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის ექსპერტმა გია არაბიძემ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და სხვა მოწვეულმა პირებმა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორმა დავით გურგენიძემ და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების შემუშავებას.
უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი ერთობლივად იზრუნებენ თემატური სამეცნიერო ღონისძიებების მოწყობის, ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის გაზიარების, ასევე, სტუდენტებისა თუ პერსონალის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტთათვის სტაჟირებისა და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დისკუსია გაიმართა, სადაც ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას - ტექნიკურ და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას, მათი ფუქციონირებისა და საგანმანათლებლო-პრაქტიკული სწავლების სპეციფიკას.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.