საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის და სენატის მეხუთე მოწვევის წევრების უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭოს დღევანდელმა სხდომამ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების თანახმად წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მორიგი არჩევნები 2024 წლის 25 იანვარს დაინიშნა. სენატის წევრთა არჩევნები 13 ფაკულტეტსა და 12 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 102 კანდიდატი, აქედან: 30 პროფესორი, 44 სტუდენტი და 28 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. სტუ-ის სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 85 წევრი, აქედან: 28 - აკადემიური პერსონალი, 28 - სტუდენტი, 28 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.
სენატის სხდომაზე არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით გორგიძემ გააცნო. ამავე სხდომაზე, წესდების შესაბამისად წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი იქნა არჩეული. დღეიდან სტუ-ის სენატს პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს.
სტუ-ის სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.