საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ - გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის 27 სტუდენტი წარსდგა, ხოლო, საერთო ჯამში, მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ფაკულტეტების 63 სტუდენტმა, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნეს.
გარდა ამისა, სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენასა და სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციაში, ასევე, მათ სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს.
როგორც დეკანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, სამშენებლო ფაკულტეტზე იმართება. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგინოს მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაში დაინერგოს.
სტუდენტთა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველ დღეს, სამეცნიერო მოხსენებითა და შესაბამისი პრეზენტაციით წარსდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ხოლო ღონისძიების მეორე დღეს - მაგისტრანტები და დოქტორანტები. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებით არის დაკომპლექტებული, კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელ ბაკალავრთა, ასევე მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შორის სამი-სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, სტუდენტები, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, თემებს მთელი სემესტრის განმავლობაში ამუშავებენ, რათა საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეცნიერო თვალსაზრისით, კვალიფიციური და აქტუალური კვლევები წარმოადგინონ.
დეკანის მოადგილის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბაკალავრთა შორის სამი საპრიზო ადგილი სტუდენტებს - გეგა ჯერენაშვილს, ლუკა მოდებაძეს და გიორგი კუპრაშვილს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის - ლაშა ჭიპაშვილს, სალომე სეხნიაშვილსა და ქეთევან წიქარიშვილს მიაკუთვნა. მასალის საუკეთესოდ წარმოდგენისა და თემის აქტუალობისთვის კი, სპეციალური პრიზი სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ბაკალავრ დავით მაისურაძეს გადასცა.
სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული ნაშრომების პირველი სამეულის ავტორებს, საერთო ჯამში ექვს სტუდენტს, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.