მენიუ
სიახლეები

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

2024 წლის 7-10 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასთან (საკია) ერთად, იმუნოლოგთა საერთაშორისო, საიუბილეო ფორუმი გამართა.

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას: ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIII ეროვნულ კონგრესს, ასთმისა და COPD-ის ევროპის IX კონგრესს, III საერთაშორისო კონგრესს „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“. 

საიუბილეო საზეიმო სხდომა გახსნა საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რევაზ სეფიაშვილმა. 

ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, რომელმაც ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის საერთაშორისო შეხვედრები, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ასევე, ახალი პროფესიული კავშირების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობაა.

საიუბილეო ფორუმის თანათავმჯდომარეები, ასევე, იყვნენ: იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ია ფანცულაია. როგორც პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა განაცხადა, ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი ექიმების უცხოელ მეცნიერებთან პირისპირ კომუნიკაციისთვის.

საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა მეცნიერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებმა, მათ შორის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, აარონ ჩიხანოვერმა (ისრაელი). 

ასევე, პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით, ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი: „ახალი საზღვრები იმუნოლოგიაში: კლინიკური იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები“. 

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია, იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანება. ფორუმის მხარდამჭერი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.