2024 წლის 31 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე გეოგრაფთა კონფერენციით აღინიშნა.
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნესტან კეკელიამ. ესწრებოდნენ: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია.
მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც შავიზღვისპირა ქვეყანა, ყოველთვის აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში და თავადაც უნდა იყოს სასარგებლო წამოწყებების მოთავე.
კონფერენცია მიეძღვნა შავი ზღვის სანაპიროების დეგრადაციის, აღდგენის, შენარჩუნებისა და დაცვის საკითხებს. შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით დიდ აქტუალობას იძენს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული პრობლემები. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ძალზე აქტუალურია შავი ზღვის სიღრმეების უჟანგბადო სივრცე და გოგირდწყალბადის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი.
სწორედ ამ თემებს მიუძღვნა ძალიან საინტერესო მოხსენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მელორ ალფენიძემ. მან ვრცლად მიმოიხილა შავი ზღვის აუზის გეოგრაფიული, ბიოლოგიური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური სისტემა, რომლებიც დაცვასა და გაჯანსაღებას მოითხოვს.
პროფესორ მელორ ალფენიძის მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. კონფერენციაზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გარშემო წარმოქმნილი დებატებიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
ფოტომასალის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.sou.edu.ge/news/Savi-zRvis-dacvis-saerTaSoriso-dRe/1552
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.