ამა წლის 10 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და სემინარიის დეკანის, მღვდელ გიორგი ვაშალომიძის ორგანიზებით, სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტში გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები დაიგეგმა. თსას-ის სტუდენტებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს და მოილოცეს მშენებარე ბანა და ადრეული შუა საუკუნეების (626-635) წრომის ეკლესია, რომლის დაფუძნება ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზ მეორის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გიორგი ვაშალომიძემ სოფელ წრომში წამებული წმ. რაჟდენ პირველმოწამის (+457) სახელზე პარაკლისი გადაიხადა. გალობდა სემინარიის ვაჟთა გუნდი.
გასვლით ღონისძიებას განსაკუთრებითი მნიშვნელობა, შინაარსი შესძინა სემინარიის დეკანის - გიორგი ვაშალომიძისა და თსას-ის პედაგოგების მიერ ორგანიზებულმა საღვთისმეტყველო კონფერენციამ. კონფერენცია ხაშურის პროფესიულ კოლეჯ „ქართლში“ ჩატარდა და ადგილობრივ სამღვდელო და სამონაზვნო დასის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
ირაკლი ორჟონია - ღვთისმეტყველების დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ძველი აღთქმის პედაგოგი. მოხსენების თემა იყო - „ძველაღთქმისეული მესიანური წინასწარმეტყველებების სიმბოლიკა და მათი გამოყენების მიზეზთა საეკლესიო ეგზეგეტიკა“.
გიორგი თოდუა - ღვთისმეტყველების დოქტორანტი, თსას-ის ახალი აღთქმის პედაგოგი - „სამოციქულო წინასწარმეტყველება ისრაელის მოქცევის შესახებ -რომ.11. 3-4 მონაკვეთის განმარტება“.
გიორგი მეტრეველი -ღვთისმეტყველების დოქტორანტი, თსას-ის ლიტურგიკის პედაგოგი - „აღდგომის დღესასწაულის თარიღის განსაზღვრის ისტორია“.
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე -ღვთისმეტყველების დოქტორანტი, სასულიერო სემინარიის დეკანი - „იესო ქრისტეს ვნების იკონოგრაფია და მისი საღვთისმეტყველო-სახისმეტყველებითი ასპექტები“.
კონფერენციის დასასრულს აუდიტორიის მხრიდან მრავალი საინტერესო შეკითხვა დაისვა, რომელსაც მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს.
შინაარსობრივად და ემოციურად მნიშვნელოვანი და დატვირთული დღე ტრაპეზით დასრულდა.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.