თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ გაბუნია; სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტთან ბრძოლისთვის ადამიანების გაერთიანება. მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობით აღინიშნება ეს დღე. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ გაბუნიამ.
„დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ეს ნიშნავს იმას, რომ დიაბეტი კვლავაც რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ თემად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობა ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამ ძალისხმევისთვის, დიაბეტის მართვის მძლავრი და კარგი პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის საქართველოში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა გორდელაძემ. მან დიაბეტის, როგორც დაავადების და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
ამის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტის ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბერიშვილი-ბერნმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „დიაბეტი ტიპი 1 მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და სამეცნიერო მიღწევები“.
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება, წინადღით, 14 ნოემბერს თსსუ-ის გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩატარდა, რომელიც შემეცნებითი და გასართობი ხასიათის იყო. ღონისძიებაზე ტიპი 1 დიაბეტის მქონე წარმატებული სპორტსმენი ბავშვები დაჯილდოვდნენ.
წყარო: tsmu.edu
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.