მენიუ
სიახლეები

KIU-ს სტუდენტებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტაჟირებისა და დასაქმების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტაჟირებისა და დასაქმების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

გიორგი ხუბუამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რექტორის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს KIU-ს სტუდენტებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდებს სწავლა/სწავლების პროცესში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაში.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ საავიაციო სექტორში ახალგაზრდების ჩართულობა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტი ვებპროგრამირების განხრით KIU-ს სტუდენტების სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. კერძოდ, ავტობუსების ბილეთების რეზერვაციისა და გაყიდვის სისტემის აწყობას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მრავალ ერთობლივ პროექტს ახორციელებს როგორც საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით, ასევე კერძო სექტორთან პარტნიორობით.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.