მენიუ
სიახლეები

KIU-სა და ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ შეხვედრა გამართა ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორ ზაბინა ფოგტისთან და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ კლაუს-კრისტიან კარბონთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის - „ინოვაციური მეცნიერებები‘‘ განხორციელების თაობაზე. სადოქტორო პროგრამა ეფუძნება განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების ინტეგრაციას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე გამოწვევების გადაწყვეტას უახლესი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.  საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტებს შეუძლიათ ახალი ცოდნის შექმნის გზით ხელი შეუწყონ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ახალ სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტების მიღება 2025 წლიდან დაიწყება და მათ უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში კვლევა წარმართონ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრაზე გიორგი ხუბუამ მადლობა გადაუხადა ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

თავის მხრივ გერმანული მხარის წარმომადგენლებმა KIU-ს რექტორს მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.