ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კანცლერმა თეა იმედაძემ, KIU-სა და საქართველოს ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი საზაფხულო სტარტაპ ინოვაციების სკოლის 2024 წლის გამარჯვებულ სტუდენტებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში, Web Summit 2024-ში მიიღო მონაწილეობა.
Web Summit 2024 პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და ევროპის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციას წარმოადგენს, რომელიც 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1 000-ზე მეტ სპიკერს მასპინძლობდა. კონფერენციის მთავარი თემები იყო – ხელოვნური ინტელექტი, სოციალური მედიის რეგულაცია და ტექნოლოგიების მომავალი. სამიტში მონაწილეობდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Apple, Microsoft და Meta.
სამიტის ფარგლებში KIU-ს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დაემყარებინა საერთაშორისო საქმიანი კავშირები და გასცნობოდა ინდუსტრიის ტენდენციებს.
KIU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მასტერკლასსა და ვორქშოპში, გამოცდილი უცხოელი სტარტაპერებისგან პროფესიული რჩევები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები მოისმინეს და ინოვაციური სტარტაპეკოსისტემის განვითარების მიმართულებით თანამედროვე ტენდენციებს გაეცნენ.
თავის მხრივ, თეა იმედაძემ საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვისა და სამომავლო თანამშრომლობის დამყარების მიზნით, არაერთი საინტერესო შეხვედრა გამართა. კანცლერმა პოტენციურ პარტნიორებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა როგორც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, ასევე კვლევითი მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ლისაბონის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პარკის (Taguspark) აღმასრულებელ დირექტორთან, პროფესორ ედუარდო ბაპტისტა კორეირასთან გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. KIU-ს დელეგაცია პროფესორ კორეირას მიწვევით Taguspark-ს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პარკის საქმიანობას. Taguspark პორტუგალიის უდიდესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკია, რომელიც ოეირასში, ლისაბონის მახლობლად მდებარეობს. პარკი გაშლილია 150 ჰექტარ მიწის ფართობზე და აერთიანებს მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიას, კვლევით ცენტრსა და უნივერსიტეტს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ხელს უწყობს ინოვაციური სტარტაპეკოსისტემის განვითარებას და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები და მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.