მენიუ
სიახლეები

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში, კონფერენციის წევრები - საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა. კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით ითვალისწინებდა. სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ შალვა ჭკადუას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ თეონა ხუფენიას და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის, პროფესორ გია კავთელიშვილის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის - “თამარიუნის” საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსებით წარსდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნის ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა. ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა. ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს არის ერთიანი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.