საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, ასევე, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ამ გამორჩეულად მძიმე ისტორიულ დღეს ვიხსენებთ ადამიანებს, რომლთაც თავიანთი თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ მამულისთვის თავდადება არის უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ეროვნული თვითშეგნებიდან იღებს სათავეს.
აგვისტოს ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება - მათი სახელი უკვდავია!
აგვისტოს ომი იყო ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. ოჯახებისთვის, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი დაკარგეს, საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარი ღირსებაომის ქარცეცხლში დაიცვა.
დღეს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას ღირებულებებით და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებით იცავს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სისტემას განსაკუთრებული მისია აკისრია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად. ისინი ყოველდღიურად ცოცხლდებიან ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს ღირებულებებში, სტუდენტთა განათლებასა და ცნობიერების ფორმირებაში. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ხერხემალი, მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ქვეყანა - ნათელი მათ სულებს! დიდება გმირებს!“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის გმირების თავდადებას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფრთხილებლად შესწირეს სამშობლოს. ზვიად გაბისონიას თქმით, ქართველი ჯარისკაცი არის საქართველოს ეროვნული ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი.
"გმირთა საფლავები შეგვახსენებს, რომ საქართველოს თავისუფლება მათ თავგანწირვაზე დგას. მათი გმირობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. გმირთა ხსოვნა გვავალდებულებს დავაფასოთ მშვიდობა და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწირა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.