მენიუ
დოკუმენტები

ხელშეკრულება

image

 

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი საქმიანობის შესახებ

ქ. თბილისი                                                                                            ,,25“ ივლისი 2019 წ.

  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,
  3. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
  4. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
  5. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  6. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
  7. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია,
  8. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  9. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,
  10. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 
  11. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
  12. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
  13. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
  14. სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
  15. სსიპ - სასწავლო უნივერისტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია,
  16. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი,
  17. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია,
  18. სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,

 

ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებათა რექტორების სახით,

 (შემდგომში - ,,კონფერენცია“), როგორც ზემოხსენებული ერთობლივი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  • დაწესებულებები თანხმდებიან, რომ თავიანთი საქმიანობის ფარგლებში აქვთ ერთნაირი ან მსგავსი მიზნები, ერთმანეთისათვის ურთიერთსასარგებლო ინტერესები, რომელთა გატარებას ეცდებიან ერთობლივი საქმიანობით.
  • წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კონფერენციის დამფუძნებლები ერთმანეთს აცხადებენ ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი ერთობლივი საქმიანობის ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ერთობლივად განმახორციელებელ დაწესებულებებად, რაც არ გულისხმობს მათ შერწყმას, შეერთებას, რეორგანიზაციას ან სხვაგვარი გზით თავიანთი იურიდიული პირის სტატუსის ან უფლებამოსილების რაიმე სახით შეზღუდვას ან შეკვეცას ან სხვა პირისათვის გადაცემას.

მუხლი 2. კონფერენციის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები

  1. კონფერენციის საქმიანობის მიზანია გაიზიაროსუნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტური პრინციპები,  როგორებიცაა: აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა,  ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების დანერგვა, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა,  აგრეთვე  მსჯელობა უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და  განათლების რეფორმებთან მიმართებაში პოზიციების შეჯერება. 
  2. კონფერენციის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე მის ფუნქციებს წარმოადგენს კონფერენციის მონაწილეთა მიერ ერთობლივი წინადადებების, ინიციატივების, სიახლეების (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და კომენტარები) წარდგენა შესაბამის სახელმწიფო და სხვა ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის, წარდგენილი წინადადებების, სიახლეებისა თუ ინიციატივების რეალიზაციის მიზნით.

მუხლი 3. კონფერენციის (წევრები) დამფუძნებლები

  1. კონფერენციის წევრები არიან კონფერენციის დამფუძნებელი და ასოცირებული წევრები.
  2. კონფერენციის წევრებს ავტომატურად წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერი დამფუძნებელი სუბიექტები.
  3. კონფერენციის ასოცირებული წევრი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ დებულებებს.
  4. კონფერენციის ასოცირებულ წევრებად შესაძლებელია ასევე მიღებული იქნენ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები და სხვა დაწესებულებები მათი ოფიციალური წარმომადგენლების სახით,  კონფერენციის საერთო კრების ცალკეული გადაწყვეტილებით.

მუხლი 4. კონფერენციის მართვის ორგანოები

კონფერენციის მართვის ორგანოებია კონფერენციის წევრთა საერთო კრება და კონფერენციის წევრთა საერთო კრების თავმჯდომარე,  რომელიც ამავე დროს ავტომატურად ითვლება კონფერენციის ხელმძღვანელად და თავისი კომპეტენციის ფაგლებში წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მუხლი 5. კონფერენციის საერთო კრება

 

  1. კონფერენციის საერთო კრება შედგება კონფერენციის წევრებისაგან (მათ შორის ასოცირებული წევრები). იგი უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საერთო კრების მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საერთო კრების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები აისახება საერთო კრების სხდომის ოქმში.
  2. კონფერენციის თითოეულ წევრს კონფერენციის საერთო კრებაზე აქვს თითო ხმის უფლება. კონფერენციის წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა განხილვასა და კენჭისყრაში ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო კონფერენციის ასოცირებულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა განხილვაში ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მხოლოდ ,,გ“ - ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
  3. კონფერენციის თითოეული წევრი ვალდებულია გამოცხადდეს კონფერენციის საერთო კრებაზე და მიიღოს მონაწილეობა მის მსვლელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, გარდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობისა. 
  4. კონფერენციის საერთო კრება მოიწვევა კონფერენციის საერთო კრების თავმჯდომარის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 2-ჯერ. საერთო კრების სხდომის მოწვევის თაობაზე ინფორმაცია სხდომის მასპინძელი წევრის მიერ იგზავნება მისი გამართვის დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა და მას თან უნდა ახლდეს  განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი.
  5. კონფერენციის საერთო კრების სხდომა შესაძლებელია გაიმართოს კონფერენციის ნებისმიერი წევრი სუბიექტის მისამართზე (საერთო კრების სხდომის ორგანიზატორი/მასპინძელი). კონფერენციის საერთო კრების სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი სხდომის მასპინძელი წევრი.
  6. კონფერენციის საერთო კრება იხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს:

ა) კონფერენციის ასოცირებულ წევრად სუბიექტის მიღების თაობაზე (შესაბამისი სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განაცხადის საფუძველზე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც წერილობითი განაცხადის არსებობა სავალდებული არ არის);

ბ) კონფერენციის წევრის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე (კონფერენციის დატოვების სურვილის მქონე სუბიექტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე ან წევრის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, წევრთა არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე);

გ) კონფერენციის საერთო კრების თავმჯდომარის არჩევის თაობაზე;

დ) კონფერენციის საერთო კრების თავმჯდომარისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილებების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე (პირადი განცხადების საფუძველზე ან თავმჯდომარის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისი ინიცირებისთვისაც აუცილებელია  კონფერენციის წევრთა არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნა);

ე) წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით კონფერენციის საქმიანობის მიზნებითა და ფუნქცებით განსაზღვრულ, ასევე მათთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ვ) მიმდინარე არსებით ან/და პროცედურულ საკითხებზე, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებიდან და თუ ისინი ამავე ხელშეკრულებით რეგულირებული არ არის. 

მუხლი 6. კონფერენციის ხელმძღვანელი (საერთო კრების თავმჯდომარე)

  1. კონფერენციის ხელმძღვანელი - საერთო კრების თავმჯდომარე აირჩევა კონფერენციის საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით. 
  2. თავმჯდომარეობის (ხელმძღვანელობის) კანდიდატის დასახელება შესაძლებელია საერთო კრების სხდომაზევე, სხდომის წევრი პირის მიერ.
  3. კონფერენციის ხელმძღვანელი აირჩევა 2 წლის ვადით.
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ტარდება საერთო კრების თავმჯდომარის - კონფერენციის ხელმძღვანელის ახალი არჩევნები.
  5. ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს  ზედიზედ  მხოლოდ 2-ჯერ.
  6. კონფერენციის ხელმძღვანელი უძღვება საერთო კრების სხდომებს და მისი ფუნქციაა შეასრულოს საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.  
  7. კონფერენციის პირველი ხელმძღვანელი აირჩევა კონფერენციის დამფუძნებელი სხდომის მიერ, ხსენებულ სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით.

 

მუხლი 7. კონფერენციის საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა დებულებები

  1. კონფერენცია ფუძნდება უვადოდ და თითოეულ წევრს კონფერენციაში ავტომატურად წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი - რექტორი (ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე საერთო კრების მიერ მიიღება ცნობის სახით).
  2. კონფერენციის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია დატოვოს კონფერენცია საკუთარი განაცხადისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო წევრის მიერ კონფერენციის დატოვება უკავშირდება ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტს, რაც შესაბამისმა წევრმა უნდა ასახოს საერთო კრებისათვის წარდგენილ წერილობითი განაცხადში.
  3. წევრებს შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესი და პირობები, ასევე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შედეგად ქონების განაწილების წესი არ არსებობს, ვინაიდან წინამდებარე ხელშეკრულების და ერთობლივი საქმიანობის მიზნები არ არის დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან და კონფერენცია არ იქმნება კონკრეტული ქონებრივი შენატანებით.
  4. კონფერენციის მიზნებისათვის ერთობლივ საქმიანობაში წევრთა მონაწილეობა გამოიხატება მათ მიერ თავიანთი ინტელექტუალური რესურსისა და არსებული გამოცდილების გამოყენებაში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
  5. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება მის ყველა წევრთან მიმართებაში და კონფერენციის ფუნქციონირება შესაძლებელია შეწყდეს დამფუძნებელ წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.
  6. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები ფორმდება წერილობითი სახით, ხელშეკრულების ხელმომწერი დამფუძნებელი წევრების მიერ.
  7. წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული, როგორც შინაარსობრივი ისე პროცედურული საკითხები, შესაძლებელია დარეგულირდეს კონფერენციის საერთო კრების მიერ, რაც აისახება საერთო კრების ოქმში. 
  8. ხელშეკრულება შედგენილია 18 (თვრამეტი) ეგზემლარებად, ყოველ ხელმომწერ პირს გადაეცემა ხელშეკრულების ორიგინალის ერთი ვერსია.

ხელშეკრულების ხელმომწერები - 

დამფუძნებელ წევრთა ხელმოწერები:

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით -  

რექტორი - გიორგი შარვაშიძე (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1);

 

  • სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - ზურაბ ვადაჭკორია (ქ. თბილისი ვაშა-ფშაველას გამზირი N33);


  1. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით -

რექტორი - გიგა ზედანია (ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5);

 

  1. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი  - როლანდ კოპალიანი (ქ. ქუთაისი, თამარ მეფის გამზირი N59);

 

  1. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისსახელით -

რექტორი - გიორგი მარგველაშვილი (ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N19);

 

  1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - მერაბ ხალვაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქუჩა N35/32)

 

  • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორის სახელით

რექტორი - რევაზ კიკნაძე (ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა N8-10);

 

  • სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - ირმა შიოშვილი (ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1);

  • სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის სახელით

რექტორი - გიორგი გუგუშვილი (ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა N22);

 

  • სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - არჩილ ფრანგიშვილი (ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N77);

 

  • სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით -

რექტორი  - ზურაბ ხონელიძე (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N61);

 

  • სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით  -

რექტორი - მაკა ბერიძე (ქ. ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა N113);

 

  • სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - გიორგი სოსიაშვილი (ქ. გორი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N53);

 

  • სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი -თეონა ხუფენია (ქ ზუგდიდი, ჯანაშია ქუჩა N14);

 

  • სსიპ - სასწავლო უნივერისტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელით

რექტორი - ირაკლი შარაბიძე (ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის ქუჩა N53);

 

  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - მაია ჭიჭილეიშვილი (ქ. ბათუმი. ლუკა ასათიანის ქუჩა N37);

 

  • სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სახელით -

რექტორი მალხაზ მაკარაძე (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი);

 

  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით

რექტორი - ჯემალ ძაგანია (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N49).

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.