მენიუ
News

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა მიულოცა.

„ძვირფასო სტუდენტებო, დღეს თქვენ ტოვებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებს, სადაც გატარებული ოთხი წელი დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და წარმატებებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში გამოიყენებთ. თქვენი პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, სამშენებლო ფაკულტეტი კი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლო. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მეცნიერებაში. როგორც პროფესორმა გინა გურეშიძემ აღნიშნა, 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს დარგს, რომელსაც  სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებით პასუხობენ და წარმატებებს აღწევენ.

IN---სამშენებლოს-გრედუეიშენი.png

„2023-24 სასწავლო წელს 222-მა სტუდენტმა, მათ შორის, 168 ბაკალავრმა, 52-მა მაგისტრმა და 2-მა დოქტორანტმა დაასრულა სწავლა-სწავლების პროცესი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.

ფაკულტეტი უკვე თითქმის 104 წლისაა. აქ სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და მკვლევრები. იმედი მაქვს, ძალიან მალე თითოეული თქვენგანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიაღწევს წარმატებას და გააგრძელებს ღირსეული წინაპრების გზას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, - განაცხადა გინა გურეშიძემ.

ინფორმაციისთვის: 1922 წლის 16 იანვარს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც შეიქმნა სამი განყოფილება: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. 1928 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლიტექნიკური ფაკულტეტი გამოეყო და მის ბაზაზე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა. მალე მის შემადგენლობაში, იმ პერიოდში უკვე არსებული პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადავიდა, სადაც სამშენებლო განყოფილება სამშენებლო ფაკულტეტად გარდაიქმნა და ქართულ და რუსულ სექტორებად ჩამოყალიბდა.

ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 8 აკადემიური დეპარტამენტი: საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი №101; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი №102; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი №103. ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი N104; საგზაო დეპარტამენტი №105; მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი №106; მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი №107; სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი №108.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები: მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორია; ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია; ა. გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია; წყალმომარაგების, წყალარინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორია. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.