მენიუ
News

სტუ-ში მეცნიერების ფესტივალი “GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი “ GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” ჩატარდა. 

მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU),  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR). 

ღონისძიება სტუ-ის რექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან.

20 წლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა.

გერმანელი პროფესორების მონაწილეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის ტარდებოდა და ტარდება შემოდგომის ლექციები. სხვადასხვა წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის, მინი „MRI“ დანადგარი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ როგორც სწავლებისთვის, ასევე კვლევისათვის.

რექტორის თქმით, ამავე პერიოდში, გაერთიანებას გერმანული მხრიდან შემოუერთდა ჰელმჰოლც გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი (Dresden-Rossendorf (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი - GSI, ასევე, აახენის და კიოლნის უნივერსიტეტები.

Cover gtu.png (5).jpg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, რომლის ფარგლებში შეჯამდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობის - მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა.

მადლობას ვუხდი პარტნიორებს, განსაკუთრებული მადლობა სებასტიან შმიდტს, ჯონ შას და ჰანს ტროერს, ისინი ამავდროულად ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან.

პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაჯილდოებული არიან შესაბამისი გრანტებით, რომლის ფარგლებში შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.

2023 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა „cooperation agreement in the framework of the GGSB-PLUS“, სადაც გერმანულ მხარესთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ხელმომწერი იყვნენ კონსორციუმის წევრი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

“GGSB-PLUS” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა SMART ლაბორატორიის დაარსებას. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გამყარდება ურთიერთთანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

სამეცნიერო ღონისძიების „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab მიღწევები“, ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.

საიუბილეო ღონისძიებებს მასპინძლობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 
 
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ტარდება: GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა - თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-ს და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე; ქუთაისში, KIU-ში - ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.