მენიუ
News

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს 20 წელი შეუსრულდა

2024 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.

ორდღიან ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები და SESAM-ის სიმულაციების ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური უნარების სიმულაციური სწავლების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო იმ დროს, როდესაც ევროპის ბევრ უნივერსიტეტს არ ჰქონდა მსგავსი ცენტრები. აღნიშნულმა დიდი როლი შეასრულა კლინიკური უნარების დასწავლაში და დღეს ის ინტენსიურად მონაწილეობს არა მხოლოდ სწავლების, არამედ შეფასების პროცესში, იმიტომ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) სწორედ ამ ცენტრში ტარდება.

რაც შეეხება კონფერენციას, ეს არის ურთიერთობების გაღრმავების და ახალი კონტაქტების დამყარების ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენ გვყავს სტუმრები, რომლებიც არიან ევროპული სიმულაციების ცენტრების ასოციაციის წარმომადგენლები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს მეტი საშუალება და რესურსი ექნება სხვადასხვა გამოცდილების გაზიარების და ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი განვითარებისა და წინსვლისკენ“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  ცენტრის საქმიანობასა და სწავლების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.

„ზუსტად 20 წლის წინ, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩამოყალიბდა კლინიკური უნარების სიმულაციური სწავლების ცენტრი. სამედიცინო განათლების სტანდარტის დარგობრივი მახასიათებლების მიხედვით, სტუდენტმა კლინიკურ უნარებში 10 კრედიტი უნდა შეასრულოს. ჩვენ გადავანაწილეთ კრედიტები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სტუდენტების ცოდნისა და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და შევქმენით სილაბუსები, რომელიც ისეა აწყობილი, რომ პრაქტიკულად, როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტს დაამთავრებს, ყველა ის უნარ-ჩვევა ექნება, რომელიც საჭიროა მომავალი ექიმისთვის.

რაც შეეხება კონფერენციას, თსსუ-ის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ასევე სტუმრებს, საშუალება გვექნება ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, განვიხილოთ მიღებული შედეგები და დავსახოთ სამომავლო კოლაბორაციის გზები“, - განაცხადა პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.

მასპინძლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას ვიდეომიმართვით მიესალმა სიმულაციების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი პიერ ლუიგი ინგრასია. ასევე, კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, საქართველოში აკრედიტებული სამედიცინო განათლების პროგრამების ხელმძღვანელები: კარლო მათითაშვილი და ლეილა ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა SESAM-ის სიმულაციების ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი და პრეჰოსპიტალური პრაქტიკის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ულუფერ სივრიკაია, რომელმაც ისაუბრა სიმულაციების ევროპული ასოციაციის პრაქტიკის საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა გაერთიანებების შესახებ, კიდევ უფრო დააახლოვებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს სიმულაციური პრაქტიკის ევროპულ სტანდარტთან.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, 17 ოქტომბერს გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა, ასევე, ყველა იმ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, სადაც ხორციელდება სიმულაციური სწავლება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პარალელურად გაიმართა სამედიცინო ტექნოლოგიების გამოფენა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო და სამკურნალო, ასევე კლინიკური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით „კლინიკური ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია“ 2004 წელს შეიქმნა. ის დღეს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, როგორც „კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი“.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.