მენიუ
სიახლეები

ჰანოვერის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ კოორდინატორები, ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი ულრიხ მარტინი და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი დოქტორი გაბი ფრორიეპი ესტუმრნენ. 

მათი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილეს ძირითადი ამოცანები, განხორციელების გეგმა და მართვის მექანიზმები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მერაბ ჩიქობავა და მარინა ფოჩხუა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, პროფესორი ულრიხ მარტინი და დოქტორი გაბი ფრორიეპი შეხვდნენ თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. სტუმრებმა სამომავლო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში, თსსუ-სთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

პროექტი ითვალისწინებს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამისა და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმებში არჩევითი კურსის ჩართვას, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსის გავლის შემდეგ, ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები შეძლებენ: ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ, LISA-ს საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობასა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას თსსუ-ში. 

2024 წლის 20 თებერვლის ჩათვლით დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების მეორე სემესტრის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეგისტრაცია გაევლოთ არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“. 28 თებერვალს კი დარეგისტრირებულმა სტუდენტებმა, კურსზე ჩასარიცხად, გასაუბრება გაიარეს DAAD SDG პროექტის განმახორციელებელ  უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან. პროექტის უცხოელმა კოორდინატორებმა თსსუ-ის სტუდენტ აპლიკანტებს უმაღლესი შეფასება მისცეს და ხაზი გაუსვეს მათ კონკურენტუნარიანობას იმ უცხოელ სტუდენტებთან, რომლებიც აბარებენ ჰანოვერის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე. 

ასევე, სტუმრებმა მოინახულეს თსსუ-ის იმუნოლოგიის და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტები და მათი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, სადაც, არჩევითი კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.