2024 წლის 19 და 20 მარტს გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის შეხვედრა თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან.
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი მიესალმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ ისინი დიდი ოჯახის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წევრები არიან.
,,მინდა მოვისმინო თქვენი შთაბეჭდილებები, იდეები, მოსაზრებები, რის გამოსწორებას ისურვებდით, რა მიგაჩნიათ პრობლემად და გპირდებით, არცერთი წინადადება არ დარჩება შესწავლისა და რეაგირების გარეშე”, - აღნიშნა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
თსსუ-ის კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრებზე წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა და პასუხის გაცემა ადგილზევე იყო შესაძლებელი. სტუდენტების კითხვებს უპასუხეს: თსსუ-ის რექტორმა, ვიცე-რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებმა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც თსსუ-ის სტუდენტებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში ცოდნის გასაღრმავებლად ეძლევათ; განხილული იქნა თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის სასწავლო პოტენციალი და სარეზიდენტო პროგრამებზე სწავლების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ასეთი სახის შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით, რეგულარულად გაიმართება.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.