ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გამოყენებითი ფიზიკის სფეროში მნიშვნელოვანი, რიგით 24-ე რეგულარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში - PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) გახსნა.
4-დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად იმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორი, სტუ-თან პარტნიორობით, ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტია (MIFP - რომი, იტალია). „PLMCN 24“-ის მუშაობაში მსოფლიოს 15 ქვეყნის (მათ შორის: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვედეთი, და ა.შ.) ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს საქართველოში ვიზიტისა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, თარიღი, რომელსაც კონფერენციის გახსნა დაემთხვა, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში, რადგან ის ერთდროულად იტევს 35 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებსა და 33 წლის წინ ქართული სახელმწიფოს აღდგენილ დამოუკიდებლობას. რექტორის განცხადების პასუხად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მოქალაქეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ერთ-ერთ უძველეს, ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანაში - საქართველოში, რომელიც მდიდარია თავისი ისტორით, კულტურით, განათლების და მეცნიერების კერებითა და ინსტიტუციებით. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია - 35 წლის წინ, 9 აპრილს, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც ძირეულად შეცვალა ქართული სახელმწიფოს ისტორია. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ჩვენი მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ორი წლის შემდეგ, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განაგრძობს აღმშენებლობას, სწრაფვას დიდი ევროპული ოჯახისკენ, ანვითარებს ეკონომიკას, წარმატებით ახორცილებს ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ამის დასტური ეს საერთაშორისო კონფერენციააც არის, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება, რათა იმსჯელოს ნანოსტრუქტურებში სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკის შესახებ. მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას პირველად მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ის იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშ,ი რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების გარდა, თითქმის ორი ათეული წელია, ჰუმანიტარულ და აგრარულ დარგებსაც წარმატებით ანვითარებს. უნივერსიტეტის მეცნიერებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ღირსეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და რაც მთავარია, სტუდენტები მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში, როგორიცაა ATLAS და CMS ექსპერიმენტები CERN-ში; COMET ექსპერიმენტი იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, DUNE ექსპერიმენტი ამერიკულ FermiLab-ში. გარდა ამისა გვაქვს მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაცია იულიხის კვლევით ცენტრსა და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფთან (HZDR), ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნოერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციები ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება და ხარისხობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე გადადის.
ჩემი, როგორც რექტორის, უმთავრესი მიზანი იმ უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების მხარდაჭერაა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციონირება საერთაშორისო სივრცეში მეტად აქტიური და ხილვადი გახდება. ფიზიკის დარგში რეგულარული საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობაც სწორედ ამ კონტექსტში განიხილება, მითუმეტეს, რომ კონფერენციის მუშაობაში, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მკვლევრებთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრებიც მონაწილეობენ. მიგვაჩნია, რომ „PLMCN 24“-ი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კვლევების შედეგების გაზიარებისა და ახალი კოლაბორაციების განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორუმის ფარგლებში დამყარებული ახალი სამეცნიერო კონტაქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამეცნიერო იდეების გავრცელებას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და საერთაშორისო ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მადლობას ვუხდით მომხსენებლებს, მონაწილეებს, რომის ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტსა და მის პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ერამოს და ფორუმის სხვა ორგანიზატორებს ამ დიდებული სამეცნიერო ღონისძიების გამართვისთვის“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.
კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა თავიანთ გამოსვლებში სამეცნიერო ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და კონფერენციის ორგანიზატორებს.
როგორც მათ აღნიშნეს, „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში“ 2000 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად იმართება ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში და მიზნად ისახავს, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოებას ახალი ხედვები გაუზიარონ. მათი თქმით: „PLMCN 24-მა მრავალი ქვეყანა მოიარა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, მექსიკა, კუბა, კოლუმბია და ახლა ჩვენი მასპინძელი უმშვენიერესი საქართველო და მისი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომლის სახელი კარგად არის ცნობილი ევროპის სამეცნიერო წრეებში და რომელთანაც MIFP-ს მრავალწლიანი ნაყოფიერი კოლაბორაცია აკავშირებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს იმ გულითადი მიღებისთვის, რითაც ეს სამეცნიერო ფორუმი მრავალმხრივ განსაკუთრებული გახდება თითოეული ჩვენგანისთვის. სინათლის ფიზიკის შეუდრეკელი და ყოველდღიური კვლევებით გარემოცული მეცნიერები დიდად ვაფასებთ უნიკალურ შესაძლებლობას, კონფერენციის დღეებში ჩავიძიროთ დისკუსიებში, გავცვალოთ მოსაზრებები, სამეცნიერო იდეები, განვახორციელოთ ბრწყინვალე ტვინების შტორმები, დავამყაროთ ახალი კონტაქტები, დავიმეგობროთ ახალგაზრდა ქართველი მკვლევრები და შევეცადოთ გავუკვალოთ გზა ჭეშმარიტი სამეცნიერო ღირებულებებისკენ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიბადება ის ახალი სამეცნიერო იდეები, რომლებიც შემდგომში ასახვას ჰპოვებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ნაშრომებში და დარჩება შთამომავლობას, როგორც ანაბეჭდი ჩვენს თანამედროვეობაზე, როგორც რწმენა იმისა, რომ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით კონფერენციის მასპინძელს“, - აღნიშნეს მეცნიერებმა.
რიგით 24-ე რეგულარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში - PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასექციო მუშაობა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობს, 12 მიმართულებით წარიმართება: პოლარიტონიკები; კვანტური კორელაციები; Single Photons; Many-body; ფაზური გარდაქმნები; კვანტური ჰიდროდინამიკა; ფოტონიკური გისოსები; Spin & Vortices; მოწყობილობები; მასალები; ეგზოტიკური გარემო (მატერია); მრგვალი მაგიდა და მოწვეული მომხსენებლები. „PLMCN 24“-ის შემაჯამებელი სესია 13 აპრილს გაიმართება.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.