„9 აპრილი თავისუფლების, მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და მომავლის იმედის საწყისია. 9 აპრილი არის ერთგულების, ვაჟკაცობის სიმბოლო. ეს არის ცრემლიანი სიხარულის დღე - მტერი ეცადა, მაგრამ ვერ აჩეხა ქართული გმირული სული! ჩვენ, მომავალმა თაობამ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა დაგავშალოთ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს წარსული, პატივი მივაგოთ გმირებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი) სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო ჭადაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 9 აპრილის მონაწილეებს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შეხვდნენ.
ღონისძიება - “საქართველო, გმირების სამჭედლო”, რომელსაც ესწრებოდნენ ვეტერანები: მალხაზ თოფურია,ზაირა მიქატაძე, მალხაზ ჩემია, გური ზაქარეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა მიშელ მუსხელის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა. როგორც სანდრო ჭადაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა, უამრავი დაშავდა, მოიწამლა.
“სტუდენტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უსამართლობას და თავი შესწირეს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ჩვენი ტოლები იყვნენ. მათ თითქმის შეუძლებელი შესძლეს, ხერხემალში გადაამტვრიეს იმპერია. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივივწყოთ მომხდარი და არ გვაქვს უფლება თავდაუზოგავად არ ვემსახუროთ სამშობლოს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, ვაშენებთ ქვეყანას, წინ მივიწევთ, მალე ევროკავშირის წევრი გავხდებით და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ათასობით თავდადებული ადამიანის თავგანწირვა. დღეს ჩვენს ღონისძიებას 9 აპრილის მონაწილენი ესწრებიან, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ყოველი დღისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, რომელმაც ჩვენი სამშობლო გადაარჩინა. დიდება გმირებს და უფალი ფარავდეს საქრთველოს”, - განაცხადა სანდრო ჭადაშვილმა.
9 აპრილის ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიურმა მონაწილეებმა მამუკა გიორგაძემ, მალხაზ თოფურიამ,ზაირა მიქატაძემ, მალხაზ ჩემიამ, გური ზაქარეიშვილმა სტუდენტებს 9 აპრილის ისტორიული მოვლენის შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხი.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.