საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტებისა და „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით, ახალი, მასშტაბური პროექტი - „რობოტრების ბრძოლა“, დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, „რობოტების ბრძოლა“ თავისი არსით სპორტულ პაექრობას წარმოადგენს.
„ღონისძიების უმთავრესი მიზანი იყო სტუდენტებს თავად შეექმნათ რობოტები და მოეხდინათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: რობოტოტექნიკა, მექატრონიკა, ელექტრონიკა, სისტემების მართვა და პროგრამირება. სტუდენტებმა დავალება წარმატებით შეასრულეს, მათ შეძლეს მუყაოში და რკინის დეტალებში გადაეტანათ იდეები, მოეხდინათ მათი ვიზუალიზაცია და „რინგზე გამოეყვანათ“ თავიანთი შრომის შედეგი - კრეატიული ტრანსფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ამ ღონისძიების და ზოგადად, სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის. მადლობა სტუ-ის კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, ასევე, ტექნოპარკს და სტუ-ის ფაბლაბს, ვირტუალური კომპიუტერულ ცენტრს. იდეისთვის მადლობა სტუ-ის რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს ზაზა ბუაჩიძეს. სტუდენტების მენტორს, იდეის განმახორციელებელს ასისტენტ-პროფესორს გოჩა ზედგენიძეს, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის მტელ გუნდს, სტუდენტ-სტაჟიორებს და მათ ხელმძრვანელს ბესარიონ ციხელაშვილს“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ახალი სტუდენტური პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, სტუდენტებს, მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რექტორატი სტუდენტებს ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალი იდეების განხორციელებაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო იდეების სამჭედლო. სასიხარულოა, რომ ამ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს ახალი თაობა, საქართველოს ხვალინდელი დღე. მინდა წარმატება ვუსურვო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თითოეულ წარმომადგენელს, მათ, ვინც ზრუნავს მაღალკვალიფიციური სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად სტუდენტებს თავის გამოვლენის საშუალება მისცენ - სწორედ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია. ეს არის ღონისძიება, სადაც სტუდენტების ინტელექტუალური მონაცემები საინტერესოდაა შერწყმული სპორტულ შეჯიბრთან. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბიზნეს სექტორის ღონისძიებაში ჩართულობის შესახებ. სწორედ მათი მხარდაჭერით დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომელთაც ერთი მშვენიერი საღამო გვაჩუქეს და რაც მთავარია, ახალი და საინტერესო პროექტი განახორციელეს“, - განაცხადა რექტორმა.
უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების ახალ პროექტს მხარს უჭერდნენ: „არემჯი“; ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ედისონი“; ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი - 2025; „Cambion networks”-ის რეგიონალური დისტრიბუტორი „ციფრული ტექნოლოგიები“; ტექნოლოგიური კომპანიები - „იტერა ჯგუფი“ და More Smarts Solution”, რომელთაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.