საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი, თემურ ცხოვრებაძის, ბექა ჯინჭველაძის, ერეკლე თათარაშვილის, არჩილ იაშაღაშვილის, ლეგური ჭიჭინაძის, ნიკა შველიძის, დავით ბოჭორიძის, ნიკა ტაბატაძის, ირაკლი ტაბატაძის, ნიკა გოგლიძის, მიშო მალაციძის და ნიკა გოდერიძის შემადგენლობით, თბილისის საუნივერსიტეტო შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია.
ტურნირი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობდნენ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, შვიდკაცა რაგბის გუნდი 2002 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 22 წლის განმავლობაში მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდის გამარჯვება მწვრთნელების ირაკლი გიორხელიძის, დიმიტრი კალანდაძის და სტუდენტების დაუღალავი შრომის შედეგია. მათი წარმატება კი პირდაპირ უკავშირდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სურვილს, - ააღორძინოს უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს და შედეგებიც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიზანია საქართველოში რაგბის პოპულარიზაცია. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაგბი ჩვენი თამაშია. მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და შვიდკაცა რაგბის გუნდის მთელ შემადგენლობას. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სტუ-ის შვიდკაცა რაგბის გუნდის მოთამაშე ნიკა შველიძე დასახელდა.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.