12 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მემორანდუმი საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით მხარეები აქტუალურ საკითხებზე ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, კვლევებს და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლით პრაქტიკაშიც გამოცადონ და გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები რაც მათ განვითარებაზე მომავალში დადებითად აისახება.
შეხვედრის ფარგლებში ბატონი რაჟდენი SANGU-ს სტუდენტებს შეხვდა. სტუმარი აუდიტორიას წარუდგინა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. სტუმარმა ანტიკორუფციული ბიუროს დაარსების მნიშვნელობაზე და იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. მან ბიუროს მიერ, ანტიკორუფციული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.