მენიუ
სიახლეები

მრგვალი მაგიდა თემაზე - “განწყობა და დიალოგის კულტურა”

2024 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ,,ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან’’ და საქართველოს ეროვნულ გეშტალტ-ინსტიტუტთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - “განწყობა და დიალოგის კულტურა”.

ღონისძიება მიეძღვნა განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, იმას, თუ როგორ ეხმარება ეს მიმართულებები პიროვნების სრულყოფასა და განვითარებას, ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

მრგვალი მაგიდა პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა გახსნა და ისაუბრა ღონისძიების მიზანზე. აუდიტორიას მიესალმა SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, რომელმაც საკითხის ისტორია და მნიშვნელობა მიმოიხილა. მომხსენებლებმა გაიხსენეს გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგები, რომლებმაც განწყობის თეორიის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: დიმიტრი უზნაძე, შოთა ნადირაშვილი და ანგია ბოჭორიშვილი.

პროფესორ თეა გოგოტიშვილის საინტერესო გამოსვლა მიეძღვნა თერაპიულ დიალოგს. პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა განწყობიდან გეშტალტამდე საკითხის ისტორია გააცნო აუდიტორიას, ხოლო სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრმა ნათია ნიაურმა სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან კომუნიკაციის დამხმარე საშუალებები განიხილა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფსიქიატრი რევაზ კორინთელი, პროფესორი ევა გოცირიძე და დედა ელენე ნაფეტვარიძე, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს კომუნიკაციის პროცესში განწყობის როლზე.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა და მისი მონაწილეები დალოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა დიალოგის კულტურის განვითარების მნიშვნელობას საზოგადოებაში.

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.