2024 წლის 11 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბულგარეთის უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე სტუმრებმა ბულგარეთის აუდიტორია მოინახულეს.
ღონისძიება ბულგარეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.
საპატიო სტუმრებს მიესალმა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგებს ერთობლივ პროექტებში აქტიური ჩართულობისა და მათი წარმატებულად განხორციელებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ვესელინ ვალკანოვი, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის დიდი მეგობარია და ყველანაირად უწყობს ხელს ბულგარეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ბულგარეთის უმაღლესი სკოლების საგანმანათლებლო-სამეცნიერო თუ კულტურულ - შემოქმედებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ბულგარეთის უმაღლესი განათლების სისტემის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი იყო ქართული განათლების სისტემის გაცნობა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ და განათლების სისტემის შესახებ ისაუბრეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა მინდია ოკუჯავამ; საერთაშორისო განათლების ცენტრის საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამებისა და პროექტების განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, სოფიო გელაშვილმა; ბულგარეთის განათლების მინისტრის მოადგილემ - ტანია მიხაილოვამ; Ბულგარელ მასწავლებელთა სინდიკატის თავმჯდომარემ - პროფესორმა იანკა ტაკევამ.
რამდენიმე წელია ჩვენს უმაღლეს სკოლაში შეისწავლება ბულგარული ენა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბულგარული ენისა და ლიტერატურის ლექტორმა ივანა პეტკოვამ თანამემამულეებს წარუდგინა პრეზენტაცია: „ბულგარული ენა და ლიტერატურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“. სსუ-ის გაზეთის რედაქტორმა, პოეტმა რობერტ მესხმა კი წაიკითხა ბულგარულ ენაზე ნათარგმნი საკუთარი ლექსები. სტუმრებს შეხვედრა შემოქმედებითად გაუფორმეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რასაც ბულგარელების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.
ფოტომასალის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.sou.edu.ge/news/bulgareli-stumrebis-viziti-soxumis-saxelmwifo-universitetSi/1538
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.