მენიუ
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, KIU-ში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია სახელწოდებით – „ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ გაიმართა. ლექცია, KIU-ს მოწვევით საქართველოში მყოფმა, სტავანგერის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, რობერტ კროეცბაუერმა წაიკითხა.

ღონისძიება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს‘‘ პროექტების დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო სექტორში მოღვაწე მენეჯერებისთვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორად გამოყენების საერთაშორისო მეთოდების გაზიარება, რომლებიც ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.

ღონისძიებაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, KIU-ს ბაზაზე შენდება ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.

ცენტრში განთავსებული იქნება ორი ციკლოტრონი – ერთი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ბირთვულ ფიზიკასა და მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.