მენიუ
სიახლეები

KIU-სა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს‘‘ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია საერთაშორისო-სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, პანელური დისკუსიების, სემინარების, ტრენინგების, საინფორმაციო კამპანიების, კონკურსების, იდეათონის, ჰაკათონისა და მასტერკლასის ორგანიზებას. ასევე, სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მათი სამუშაო პრაქტიკის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, საქპატენტი ევროპის საპატენტო უწყებასთან (EPO) შუამდგომლობით უზრუნველყოფს KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წვდომას EPO-ს აკადემიის PATLIB-ის სასწავლო კურსებსა და მასალებზე, რათა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში აქტიურად იქნეს გამოყენებული საპატენტო ინფორმაცია და შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტებისა და კვლევების კომერციალიზაციას და დაცვას, ასევე, უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ამირანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აქტიურ ფაზაშია ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის საკითხი. იგეგმება, სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის. სამაგისტრო პროგრამა – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიზნად ისახავს სამაგისტრო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი განათლების მაღალ საფეხურზე მხარდაჭერასა და რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო მიმზიდველობის ცენტრად ჩამოყალიბებას.

WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს 17 ქვეყნის საუკეთესო რეპუტაციის მქონე 18 უნივერსიტეტთან.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.