მენიუ
სიახლეები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CERN-თან, ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა”, — რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში, ასევე CMS ექსპერიმენტზე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად წამალაიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ფარგლებში, ჟენევაში, CERN-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის სამეცნიერო კოლაბორაცია ორ ათეულ წელს ითვლის. ახალ მემორანდუმებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქართულ სამეცნიერო სივრცეში და ითვალისწინებს სტუ-ის მეცნიერთა და მკვლევართა გლობალურ კვლევით პროცესებში გაცილებით ღრმა ინტეგრაციას, გასული წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი.

04.10.2024-სტუ-რექტორი-CERN-ახალი მემორანდუმები (1).png

“ურთიერთგაგების პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის HL-LHC ფაზის ფარგლებში განახლებას და მასში ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მეორე კი - CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა, რაც საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, უმნიშვნელოვანესია როგორც უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის, ასევე, CERN-თვის”, - აცხადებს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც რექტორი აღნიშნავს, CERN-ში ბოლო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდა, მხარეებმა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი შეაჯერეს, რასაც ახალი მემორანდუმები მოიცავს.

“განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მეორე დოკუმენტზე. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონის სამეცნიერო სივრცეში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმდა. საუბარია მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის შექმნაზე და მისი ფიზიკური პროგრამის განხორციელებაზე. ეს სამუშაოები დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა - სამუშაო ვიზიტისას ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. საგულისხმოა, რომ FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის - TDR-ის შექმნაზე მუშაობენ”, - ამბობს დავით გურგენიძე.

მისი თქმით, სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ განიხილეს CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი CMS ექსპერიმენტის განახლების საკითხები HL-LHC ფაზის ფარგლებში, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი.

“HL-LHC-თვის CMS ექსპერიმენტის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების კალორიმეტრის - HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უნივერსალური კალორიმეტრი, რომლის მსგავსიც მეცნიერებაში დღემდე არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები და მეცნიერები შეიტანენ.

მნიშვნელოვანია, რომ წლების მანძილზე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ჯეროვნად აფასებს და გვიცხადებს ნდობას, რასაც მეგობრული განწყობებიც აძლიერებს. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა გასულ წელს CMS ექსპერიმენტის ასოცირებულ წევრად ამირჩიეს - ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის. უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის, რადგან ყველა მსგავსი ძალისხმევა ქართველ მეცნიერთა ახალგაზრდა თაობას საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, - აცხადებს რექტორი.

CERN-ში ვიზიტისას აკადემიკოსი დავით გურგენიძე უშუალოდ გაეცნო განახლებული დეტექტორების კომპონენტების შექმნის, ტესტირების და ინტეგრაციის პროცესებს, შეაფასა მათი შესრულების ხარისხი და საიმედოობა. გარდა ამისა, მან CMS ექსპერიმენტში ჩართულ ქართველ მეცნიერებს გაუწია კონსულტაცია დეტექტორების ინჟინერიის საკვანძო ასპექტებზე, ოპტიმიზაციის სტრატეგიებსა და მომავალი კვლევითი მიმართულებების დაგეგმვაზე.

რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. მიმდინარე წელს მათ წარმატებით დაასრულეს 80 უახლესი iRPC კამერის, მათთვის საჭირო გაცივების სისტემის და ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ კამერების საბოლოო ტესტირება კი მიმდინარეობს კოსმოსური მიონების დანადგარზე, რომელიც CERN-ის #904 ლაბორატორიაში უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა - იური ბაღათურიამ და ირაკლი ლომიძემ ააწყვეს. 

სტუ-რექტორი-CERN-ვიზიტი-CMS კოლაბორაციის წევრი.jpg

როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სამუშაო ვიზიტს წინ უძღოდა კონფერენცია - “წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა - Georgia-CERN”, რომელიც CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეგიდით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გასული წლის 17-18 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი: CG - 24 - 234) გაიმართა.

კონფერენციაში CERN-ის საბჭოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი და ორგანიზაციის ცნობილ მეცნიერთაგან შემდგარი დელეგაცია მონაწილეობდა. რექტორის თქმით, ეს ნათელი დადასტურებაა CERN-ის პარტნიორული დამოკიდებულებისა და ხაზს უსვამს კოლაბორაციის გაღრმავების სურვილს ქართულ უნივერსიტეტთან, მის მეცნიერებთან. 

“ჩვენი უნივერსიტეტი CERN/CMC კოლაბორაციის იმ წევრ ქვეყნებსა და წევრ უნივერსიტეტებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაცია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა. კონფერენცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ CERN-ის საბჭოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი, რომელიც პირველად იმყოფებოდა საქართველოში, და ცნობილი მეცნიერები - CMS კოლაბორაციის რესურსმენეჯერის მოადგილე ანჟეი ხარკიევიჩი, CMS/HGCal კოორდინატორი დევიდ ბარნი, CMS/RPC სუბდეტეტორის ხელმძღვანელი სალვატორე ბუონტემპო, CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინატორი, არაწევრი ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუჩანო მუსა, CMS-ის ლიდერი ტიციანო კამპორეზი, CMS-ის წამყვანი მეცნიერი კიარა მარიოტი, CMS-ის რესურსების კოორდინატორი კირსტი ასპოლა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩვენს უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია KEK-ის ეგიდით, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ფონტასი და CERN-ის მეცნიერები შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს და ქართველ აკადემიკოსებს. ეს შეხვედრა, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. 

წლების მანძილზე, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა. ჩვენს წარმატებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ CMS-ის რუკებზე ჩვენი უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი - პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, იური ბაღათურიას, დავით ლომიძის, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის, სანდრო მელქაძის, გიორგი ადამოვის, დავით ჩოხელის და სხვათა შემადგენლობით - ურთულეს სამუშაოებს ასრულებს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში”, - ამბობს დავით გურგენიძე.

რექტორის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან და მსოფლიოს სხვა უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის პროცესი, რადგან წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა საგრძნობლად ზრდის ტექნიკური უნივერსიტეტის, მის მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით ინტეგრირების შესაძლებლობებს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.